საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ასევე, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
ბ1 ) „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და „საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებისა და დადების პროცესში მონაწილეობის მიღება, ასევე მათი იმპლემენტაციის მიზნით მოქმედებათა განხორციელების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლა და ანალიზი, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასა (IOTA) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში (WCO), აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლა და ანალიზი;
ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა;
კ) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e–CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;
ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.