სავარაუდო დარიცხვა

1. რას გულისხმობს სავარაუდო დარიცხვა

სავარაუდო დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული

საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის

გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

2. რა არის სავარაუდო დარიცხვის მიზანი?

სავარაუდო დარიცხვის განხორციელების ძირითადი მიზანია დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა.

 

3. რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს სავარაუდო დარიცხვა?

სავარაუდო დარიცხვა შესაძლოა განხორციელდეს როდესაც გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში არ შეასრულა   საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

4. როდის ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა?

სავარაუდო დარიცხვა ხორციელდება შესაბამისი დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სავადო თარიღის შემდეგ.

5. რა შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა?

სავარაუდო დარიცხვა უქმდება შესწორებითი დარიცხვით, რაც გულისხმობს:

ა) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე;

ბ) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას საგადასახადო შემოწმების შედეგების

შესაბამისად მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

6. რა სანქციები გამოიყენება იმ შემთხვევისთვის, როდესაც შესწორებითი დარიცხვის განხორციელების საფუძველია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის დეკლარაციის წარდგენა?

თუ შესწორებითი დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, პასუხისმგებლობის/სანქციის ზომა განისაზღვრება მის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით სსკ-ის 274-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა) შესაბამისად. 

7. რა არის სავარაუდო დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი?

სავარაუდო დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლებია:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლი (სავარაუდო დარიცხვა);

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაცია) მე-4 ნაწილი;

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  ბრძანების  221 მუხლი (სავარაუდო დარიცხვა);

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  ბრძანების 74-ე მუხლის (დღგ-ის დეკლარაცია) მე-2 ნაწილი.