ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება

04-სექტემბერი-2018

 შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების მონიტორინგს და სამართალდარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში ახდენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას.

2018 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა და ამოქმედდა ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ,,მ“ და ,,ო“ პუნქტები, მე-6 მუხლის  პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ „დ“ და „ე“ პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. ამასთან, კანონის ზემოხსენებული ნორმების დანაწესის შეუსრულებლობისთვის, ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დამდგენი შემდეგი ნორმები, კერძოდ:

მუხლი 1553 - თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

აღნიშნული მუხლის მე-15 ნაწილით - თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდება,  გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ამავე მუხლის მე-16 ნაწილით  გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული მუხლის მე-17 ნაწილით - იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, ამავე მუხლის მე-18 ნაწილით,  4 000 ლარიან ადმინისტრაციულ სახდელს ითვალისწინებს.

მუხლი 1556   - თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა

აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით -  სამართალდარღვევას წარმოადგენს  საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომლის დასახელება, შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემცველ ინფორმაციას, თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე, ან საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე ისეთი სიტყვის, აბრევიატურის, ნიშნის, გამოსახულების, გრაფიკის ან ციფრის გამოყენებას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია - ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიწვევს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 1559  - თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ  გატანა/იმპორტი ისეთი შეფუთვით ან/და ეტიკეტით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს

აღნიშნული მუხლის თანახმად, მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანა/იმპორტიორის მიერ მისი იმპორტი, ისეთი შეფუთვით ან/და ეტიკეტით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს  − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები) თანახმად, ადმინისტრაციული გადაცდომები, რომლებიც ამოქმედდა, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან, განეკუთვნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

X
ახალი ამბების გამოწერა