ინფორმაციის განახლების თარიღი: 25 ოქტომბერი 2017

დამატებული ღირებულების გადასახადი

პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.
სავალდებულო რეგისტრაცია ეკუთვნის:

პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ქვემოთ აღნიშნული შემთხვვისა),
 ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

 პირს, რომელიც საქონლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ სსზ-ის ტერიტორიაზე (გარდა სსზ-ში სავაჭრო ობიექტის დამქირავებელი იურიდიული პირისა, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით, და დამოუკიდებლად ასრულებს საგადასახადო   ანგარიშგებას და საგადასახადო ვალდებულებას) ზემოაღნიშნულით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. 

ამასთან, სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება: 


ა) ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;

ბ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

 პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს აქციზური საქონლის მიწოდებამდე.

პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური საქონლის საქართველოში იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოში აქციზური საქონლის მიწოდებამდე.

 

დღგ-ის განაკვეთები:

დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის 18 პროცენტს 

დეკლარაციის წარდგენის ვადა:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

გადასახადის გადახდი ბოლო თარიღი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა გადაიხადოს დღგ.

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად ითვლება არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას

დღგ-ის განაკვეთები:

უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციის თანხის 18 პროცენტს

გაანგარიშების წარდგენის ვადა:

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ–ის გაანგარიშება (თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად) წარედგინება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა ექვემდებარება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვას;

გადასახადის გადახდის ბოლო თარიღი:

უკუდაბეგვრისას საგადასახადო აგენტი ვალდებულია დარიცხული დღგ-ის თანხა გადაიხადოს არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.

დღგ-ის განაკვეთები:

დღგ-ის განაკვეთი შეადგენს საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს;

საქონლის დროებითი შემოტანისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა.

გადასახადის გადახდის ბოლო თარიღი:

საქონლის დროებითი შემოტანისას : - პირმა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განახორციელოს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს;