ინფორმაციის განახლების თარიღი: 03 ივნისი 2016

საგადასახადო დავის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში

 

მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი

 

1. საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის წარმოების წესი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.

6. დავის განმხილველი ორგანოები ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, რომლითაც განსაზღვრულია საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესი.

 

მუხლი 2. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანოები

 

1. შემოსავლების სამსახური, როგორც დავის განმხილველი ორგანო, შედგება მისი ხელმძღვანელების, სათათბირო ორგანოსა და აპარატისაგან. სათათბირო ორგანოს შემადგენლობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

 2. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შედგება 13 წევრისაგან. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. საბჭოს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. საბჭოს სხდომა დახურულია.

 

მუხლი 3. საგადასახადო დავის დაწყება

 

1. საგადასახადო დავის დაწყების საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.

2. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, აგრეთვე საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

3. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად.

 

მუხლი 4. საჩივრის წარმოებაში მიღება

 

1. დავის განმხილველ ორგანოში წარდგენილი საჩივარი წარმოებაში მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:

ა) საჩივარში მითითებული უნდა იყოს მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;

ბ) საჩივრიდან უნდა ირკვეოდეს მოთხოვნის არსი;

გ) საჩივარს უნდა ერთვოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საჩივრის და მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები უნდა იყოს დანომრილი;

ე) საჩივარი და მისთვის დართული დოკუმენტაცია უნდა იკითხებოდეს;

ვ) საჩივარი და მისთვის დართული დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე;

ზ) საჩივარი უნდა იყოს ხელმოწერილი (გარდა ელექტრონულად წარმოდგენილი საჩივრისა).

2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.

 

მუხლი 5. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა

 

დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს შემდეგ შემთხვევებში:

ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე;

ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს;

გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

დ) არ არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის

განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში;

ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

თ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს

მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;

კ) მომჩივანი გარდაიცვალა;

ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში;

მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია;

ნ) საჩივარი ანონიმურია;

ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

 

მუხლი 6. საჩივრის განხილვა

 

1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში.  საჩივრის განხილვის შეჩერება შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების საფუძვლით საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.

2. საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით ან მომჩივნის დაუსწრებლად თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება.

4. მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. სხდომის მიმდინარეობისას მომჩივანს ან/და მის წარმომადგენელს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს პირადად ან დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

 

მუხლი 7. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება

 

1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია პირის მიერ წარდგენილ საჩივარზე მიიღოს შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: დააკმაყოფილოს საჩივარი, ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი, არ დააკმაყოფილოს საჩივარი, განუხილველად დატოვოს საჩივარი, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული შინაარსების გაერთიანებით ან მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა.

2. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გადასახადის გადამხდელს/უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

მუხლი 8. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

 

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში  გაასაჩივროს სასამართლოში.

3. საჩივრის საგადასახადო ორგანოში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენა ითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად.

 

მუხლი 9. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად

 

 ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ:

ა) შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად;

ბ) შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

 

მუხლი 10. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და შესრულება

 

1.მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის დადგენილ ვადაში გაუგრძელებლობა ითვლება გასაჩივრებული საგადასახადო დავალიანების აღიარებად.

2. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში.

3. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

მუხლი 11. გადაწყვეტილების განმარტება

 

 მომჩივანსა და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილების განმარტებისას ხელმძღვანელობს იმავე ვადებით, რომლებიც დადგენილია საჩივრის განხილვისათვის. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მისი განმარტება დაუშვებელია.

 

მუხლი 12. დავის განახლება

 

1.ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მომჩივნის მიმართვის საფუძველზე მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2.ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები,რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.