ინფორმაციის განახლების თარიღი: 24 თებერვალი 2014

სპეციალური სავაჭრო კომპანია

• სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.
• სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. უცხოურ საწარმოს, რომელიც საქართველოში  ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, უფლება აქვს, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და მხოლოდ ამ მუხლით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით დამატებით დაარეგისტრიროს განცალკევებული მუდმივი დაწესებულება.
• საწარმოს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს უფლება აქვს:


ა) საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;
ბ) საბაჟო საწყობში განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;
გ) საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;
დ) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის:
დ.ა) შემოსავალი, რომელიც ამ კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;
დ.ბ) შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;
დ.გ) შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ეკრძალება:


ა) განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი იმპორტისა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შეისყიდოს საქართველოს საქონელი შემდგომი მიწოდების მიზნით;
გ) მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს/ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
დ) ჰქონდეს საბაჟო საწყობი.
• გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ამ კოდექსით მიეკუთვნება  აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.
• სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთანავე, განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.