ინფორმაციის განახლების თარიღი: 27 თებერვალი 2014

 

ტრანზიტი

რომელი საქონელი შეიძლება მოექცეს ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში?
ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს:
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი;
  • აგრეთვე სხვა სასაქონლო ოპერაციაში (გარდა დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციებისა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო საბაჟო საზღვარზე ტრანზიტისას?
  • სატრანსპორტო დოკუმენტი:
  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
  • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან
  • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან
  • სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს:
  • ლიცენზია /ნებართვა /სერტიფიკატი
დანიშნულების ქვეყნის შეცვლის შემთხვევაში საზღვარზე წარედგინება:
  • დანიშნულების ქვეყნის შეცვლის დამადასტურებელი სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინმსწრები სატრანსპორტო დოკუმენტის შესახებ მონაცემები (ნომერი, გაცემის თარიღი).
რა ვადებში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანა დანიშნულების ადგილზე?
  • ტრანზიტისას დანიშნულების ადგილზე საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადებია:
  • საქონლის გადაადგილებისას − 20 კალენდარული დღე;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის შემთხვევაში – 45 კალენდარულ დღე;
  • საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში − დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღე.
ვინ არის პასუხისმგებელი პირი საქონლის ტრანზიტით გადაადგილებისას?
  • საქონლის ტრანზიტით გადაადგილების დროს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირია – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი.
რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით:
  • ავარიისა ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, მძღოლმა უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საგადასახადო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
  •  
  • სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში) გადატვირთვა შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში.
  •  
  • თუ საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
  •  
როგორ ხორციელდება საქონლის დეკლარირება ტრანზიტში?
  • ტრანზიტში საქონელი დეკლარირდება:
  • TIR-წიგნაკით;
  • TIR-წიგნაკის არქონის შემთხვევაში − აღრიცხვის მოწმობით;
  • შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით − თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი:
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების,
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების,
  • ნახევრადმისაბმელის,
  • ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანილი დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში.
რა შემთხვევაში ხორციელდება საქონლის დეკლარირება ტრანზიტში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით?
  • საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილების შემთხვევაში;
  • საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) შემთხვევაში;
  • თუ საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
როგორ ხორციელდება საქონლის დროებითი შენახვა ტრანზიტისას?
  • ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.
როგორ სრულდება ტრანზიტი?
  • ტრანზიტი სრულდება:
  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ფაქტობრივი გატანით;
  • საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ფაქტობრივი გატანით;
  • საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი ფაქტობრივი გატანით;
  • საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევით;
  • საბაჟო გამშვებ პუნქტში TIR-წიგნაკის წარდგენით;
  • შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი:
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების,
  • მისაბმელის,
  • ნახევრადმისაბმელის,
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების,
  • ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანილი დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში.
  • ტრანზიტის დასრულება როგორც წესი, ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა, ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოში, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
როგორ ხორციელდება ავტომობილების გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში TIR წიგნაკის კონტროლიდან მოხსნა?
  • TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის საბაჟო გამშვები პუნქტი, რომლის გავლითაც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო პარტიაში შემავალ ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაფორმებული საბაჟო დეკლარაციების ეგზემპლიარები.
სად და როგორ ხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა?
  • საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისათვის, ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გზათსარგებლობის საფასური შეადგენს 200 ლარს
  • გზათსარგებლობის საფასური გადაიხდევინება 302003277 სახაზინო კოდზე
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის ტრანზიტულად გადაზიდვისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:
  • უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან
  • შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი
  • ტერიტორიის დატოვებისას საბაჟო გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ქვეყნის ტერიტორიას ვერ დატოვებს.
რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან?
გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე  კონტროლის ზონაში ან პირიქით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ! საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“ ან „სადახლო“ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) საწვავის ავზ(ებ)ის ნიშანდებას საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ით, რომლის მოხსნას ახორციელებს დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტი.