ინფორმაციის განახლების თარიღი: 20 ივნისი 2012

მოგების გადასახადი

მოგების გადასახადის გადამხდელია:
– რეზიდენტი საწარმო;
– არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
– არარეზიდენტი პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო განაკვეთი:
საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.
დეკლარაციის წარდგენის ვადა:
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. საწარმოს ლიკვიდაციისას ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან – 15 დღის განმავლობაში.
გადასახადის გადახდის ვადა:
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. საწარმოს ლიკვიდაციისას ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან – 15 დღის განმავლობაში. მიმდინარე გადასახდელები გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა)არა უგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი; ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი; გ) არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი; დ) არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
არა რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში:
გადასახადის განაკვეთი:
არარეზიდენტი იურიდიული პირი საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე იბეგრება შემდეგი განაკვეთით: დივიდენდი – 5%; პროცენტი – 5%; საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 %; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი – 4 %; გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად – 10%.
დეკლარაციის წარდგენის ვადა:
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების მიზნით (გარდა დივიდენდების და პროცენტების მიმღები პირებისა).
გადასახადის გადახდის ვადა:
თანხის გადახდისთანავე ( ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას);
ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი
საგადასახადო განაკვეთი:
საგადასახადო საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის შესაბამისად დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს (წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.
დეკლარაციის წარდგენის ვადა:
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე – ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების შესახებ დეკლარაცია.
გადასახადის გადახდის ვადა:
დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს (წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.